გაიგზავნა 16.03.2012 13:12:43 UTC
განახლდა 16.03.2012 13:12:43 UTC
დღეს ამ ციკლურ პროგრამაში მე-11 ვხვდებით ერთმანეთს და თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ სერბეთის პირველ და მეორე აჯანყებაზე
ოსმანებსა და სერბებს შორის ურთიერთობები იწყება ოსმანეთის იმპერიის შექმნის ხანებში და აქტიურ ფაზაში შედის მე-14, მე-15 საუკუნეებში, ე.ი. მას შემდეგ, რაც სერბეთი ოსმანეთის შემადგენლობაში შევა. თავიდანვე უნდა ითქვას რომ, სერბებისათვის სრულიად უცხო არ გამოდგა რჯულისა და ვინაობის გამოცვლა და მიიღეს რა ისლამი და მის კვალობაზე შეიცვალეს რა სახელები, ოსმანეთის იმპერიის სამოქალაქო და სამხედრო კარიერის უმაღლეს საფეხურებს მიაღწიეს. ასე რომ, მრავალმა გათურქებულმა სერბმა სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწემ გაითქვა სახელი და მათაც საკუთარი მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ოსმანეთის იმპერიის აღზევებაში, ხოლო ქალაქი ბელგრადი კი იმ დროის მძლავრ და მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად გადაიქცა. იმასაც ხაზი უნდა გაესვას რომ, მე-19 საუკუნემდის ოსმანებსა და სერბებს რაიმე სერიოზული უთანხმოება არ ჰქონიათ, რამეთუ სერბებს, ისევე როგორც სხვა დაპყრობილ ქვეყნებს კულტურული ავტონომია გააჩნდათ, ხოლო ამის პარალელურად ოსმანეთი იცავდა მათ უსაფრთხოებას და ისინიც ერთგულად ემსახურებოდნენ ოსმანეთს.
მე-19 საუკუნეში კი, რაც ევროპაში მძლავრად მოიკიდა ფეხი ეროვნულმა იდეოლოგიამ, რომელიც დაიწყო და ფართოდ გავრცელდა საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, სხვა ბალკანელებივით სერბებიც იმაღლებენ ხმას ოსმანეთის წინააღმდეგ და ისინიც იწყებენ ეროვნულ განმათავისუფლებელ ბრძოლას, რაც საბოლოო ჯამში მათი დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდება. ბალკანელებს ამ ბრძოლაში მხარში ედგნენ ევროპელები, განსაკუთრებით კი ავსტრიელების და რუსების მხარდაჭერას გრძნობდნენ და ეს უკანასკნელები პანსლავური იდეოლოგიით მანიპულირებდნენ რა, ბალკანელებს ოსმანების წინააღმდეგ ამხედრებდნენ
მე-19 საუკუნიდან დაწყებული სერბეთის კონტროლის ხელში ჩაგდებას ცდილობს 4 იანიჩარისაგან შემდგარი ჯგუფი და მათი აღვირახსნილობა რეგიონს არასტაბილურობას და ქაოსს მოუტანს. ოთხიანთა ამ ჯგუფის ზეწოლები დღითიდღე იზრდებოდა, თანაც იჩაგრებოდნენ როგორც ქრისტიანები, ასევე მუსლიმანებიც და ეს კი თავისთავად წინააღმდეგობის გაძლიერებასაც იწვევდა. ბოლოს როცა უკვე გაუსაძლისი გახდა ოთხიანის ატანა, ადგილობრივმა ტომებმა, ქნეზლერებმა, ზაიმლერებმა, კაპეტანლერებმა და აიანლარებმა აიყოლიეს სხვა ხალხებიც და აუჯანყდნენ იანიჩარებს. თავიდან აჯანყებაში ერთობლივად მონაწილეობდნენ მუსლიმანები და ქრისტიანები, მაგრამ, შემდგომში, როცა ამ აჯანყებამ არა ოთხიანთა, არამედ ოსმანეთის იმპერიის საწინააღმდეგო ფორმა მიიღო, მუსლიმანები ჩამოშორდნენ სერბებს და ამ უკანასკნელებმა მარტო გააგრძელეს აჯანყება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ‘’შავ გიორგად’’ მონათლული გიორგი პეტროვიჩი და მან ახალი აჯანყება დაიწყო ოსმანეთის წინააღმდეგ
სერბმა აჯანყებულებმა უპირველეს ყოვლისა ოსმანეთის ხელისუფლებასთან დაიწყეს მოლაპარაკებები და ისინი მიიღო რა თვით ფადიშაჰმა სელიმ მესამემ, სერბებმა მას შესჩივლეს იანიჩარებისა და ფეოდალების აღვირახსნილობაზე და მათ წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღება მოსთხოვეს. გარდა ამისა სერბებმა რეგიონის უსაფრთხოებას ჩვენ ჩვენივე ძალებით შევძლებთო და ამიტომ ოსმანურ ჯარებს მათი ტერიტორიების დატოვება მოსთხოვეს, ხოლო ამის პარალელურად გადასახადების აკრეფაც თვით სერბებმა ივალდებულეს, მაგრამ ეს თხოვნები არ მიიღო სელიმ მესამემ და ამიტომ სერბებმა ავსტრიისაგან და რუსეთისგან მფარველობა და დახმარება ითხოვეს. ამ ქვეყნებმა დიდი ვერაფერი დახმარება გაუწიეს სერბებს, რადგან ავსტრია ნაპოლეონის თავდასხმის პირისპირ იდგა, იგივე ემუქრებოდა რუსეთს, თანაც ამ უკანასკნელს არ უნდოდა სერბების გამო ოსმანეთის იმპერიასთან დაპირისპირება. თუმცა რუსეთი ამ დროს პანსლავიზმის იდეოლოგიით იყო შეპყრობილი და ამიტომ სერბებს მხოლოდ არაპირდაპირ დახმარებებს უწევდა. რუსეთის განეიტრალების მიზნით ოსმანეთმა ეშმაკობას მიმართა და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც რუსულ გემებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის ნებართვა ეძლეოდათ. მაგრამ რუსეთს ხსენებული სრუტეებზე ეჭირა რა თვალი დაარღვია ოსმანეთთან ხელმოწერილი ზავი და 1806 წელს მათ შორის ომი დაიწყო, რომელიც ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა და ბელგრადი სერბებს გადაეცათ რა, ამასთან ოსმანებმა სერბებს მრავალი შეღავათები და პრივილეგიები მისცეს და ასე ჩააქრეს პირველი სერბული აჯანყება. 1813 წელს ოსმანებმა შესძლეს ბელგრადის დაბრუნება, თუმცა ამან სათავე დაუდო მომდევნო 1814 წელს მეორე სერბული აჯანყების დაწყებას მილოშ ობრენოვიჩის მეთაურობით და მათ გვერდში კვლავ რუსეთი ამოუდგათ რა, ოსმანეთმა არ ისურვა მასთან შერკინება და ამიტომ მორიგ დათმობებზე წავიდა და ობრენოვიჩთან ედირნეში მიღწეული შეთანხმებით სერბეთს ოსმანეთის შემადგენლობაში ნახევრად დამოუკიდებლობა მიენიჭა. სერბების ამ წარმატებამ აღაფრთოვანა ბალკანეთის სხვა ხალხებიც და მათაც დაიწყეს რა აჯანყებები, საბოლოო ჯამში მათაც მოიპოვეს დამოუკიდებლობა