გაიგზავნა 25.01.2010 12:33:28 UTC
განახლდა 25.01.2010 12:33:28 UTC
2009 წლის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი შეიტანა ოთხმა მთავარმა მოვლენამაც. ამათგან პირველია ისრაელის მხრიდან 2009 წლის დასაწყისში ღაზზის სექტორზე თავდასხმა, მეორე – აშშ-ს მხრიდან ერაყიდან ჯარების გაყვანის დაწყება, მესამე – საპრეზიდენტო არჩევნები ირანში და შემდგომი მოვლენები და მეოთხე – ანკარის როლის გაძლიერება ახლო აღმოსავლეთში. ერთი შეხედვით თითქოსდა სულ სხვადასხვა მოვლენებია ესენი, მაგრამ სინამდვილეში ისინი ერთმანეთში არიან შერწყმულნი და ზეგავლენასაც ახდენენ ერთმანეთზე. ახლა ამ თემებზე გთავაზობთ ანკარის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის, პროფესორ რამაზან გიოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:
ახლო აღმოსავლეთში 2009 წელს განვითარებული მოვლენების დამაკავშირებელ ერთ ერთ ფაქტორთაგანს წარმოადგენს ასევე აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ახლო აღმოსავლური პოლიტიკაც. როგორც ცნობილია ობამამ არჩევნებში გაიმარჯვა “ცვლილებების” სლოგანით და ამიტომაც გამარჯვების შემდეგ ამ სლოგანის განხორციელებისათვისაც დაიკაპიწა ხელები, რამეთუ მისი წინამორბედი ჯორჯ ბუშის 8 წლიანი მმართველობის პერიოდში ახლო აღმოსავლეთი განადგურდა და იგი ქაოსმა მოიცვა. ამან კი რა თქმა უნდა დაუკარკა ამერიკას უწინდელი პრესტიჟი ახლო აღმოსავლეთის ხალხებში. მართლაც და ვაშინგტონის ერაყულმა, ავღანურმა, პალესტინურმა და ირანულმა პოლიტიკამ ვერც თვით ამერიკას მოუტანა რაიმე სარგებელი და ვერც რეგიონის ქვეყნებს. უფრო მეტიც, მშვიდობა და სტაბილურობა მოიშალა დედამიწის სხვა კუთხეებშიც
2009 წელში ობამამ და მსოფლიო საზოგადოებრიობამ დაიწყეს მცდელობები ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ბუშის ნანგრევებისგან გაწმენდისათვის და აი აქ საჭირო გახდა ობამას შეპირებული “ცვლილებების” გატარება, რათა აღდგენილიყო რეგიონში მშვიდობა და ომის, ოკუპაციის, რეჟიმის და სასაზღვრო ცვლილებების ტერმინების მაგივრად რეგიონში ადგილი დაეკავა ისეთ გამოთქმებს, როგორებიცაა დიპლომატია, მოლაპარაკებები, ზავი, სტაბილურობა და ა.შ. მოკლედ რეგიონშიც და მთელს მსოფლიოშიც “მშვიდობის” სიომ დაიწყო ქროლა
მოვლენების ასეთი განვითარება კი არ წარმოადგენს სიურპრიზულს, რადგან მსგავს მოვლენებს ადგილი ჰქონია მე-19 და მე-20 საუკენეებშიც, განსაკუთრებით კი დიდი ომების შემდეგ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ, 2001 წლის სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაწყებულმა ამერიკულმა ანტიტერორისტულმა ბრძოლებმა ავღანეთსა და ერაყში წარუმატებლობა განიცადეს, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ, ისტორია ხანდახან მართლაც მეორდება, ე.ი. ანტიტრორისტულ ომს აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამშვიდობო პროცესი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ტერორიზმს მხოლოდ სამხედრო მეთოდებით კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ, საერთაშორისო დიალოგით, მოლაპარაკებებითა და ურთიერთთანამშრომლობითაც
მართალია მთელს ამ სამშვიდობო პროცესებში მთავარ მოთამაშედ ამერიკა გვევლინება, მაგრამ არ შეიძლება ამაგი დაეკარგოს სხვა ქვეყნების მცდელობებსაც. ასეთი ქვეყნების სიაში გლობალურ დონეზე შედიან რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, ევროკავშირი და გაერო, ხოლო რეგიონალურ დონეზე კი თურქეთი, ირანი, ისრაელი, საუდის არაბეთი და ეგვიპტე. ზოგიერთები კი მიიჩნევენ რომ, ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მოგვარებაში მთავარ “გასაღებს” სწორედ თურქეთი, ისრაელი და ირანი წარმოადგენენ
ახლა კი ცალ-ცალკე შეფასება მივცეთ ზემოთქმულ ოთხ მოვლენას. პალესტინის საკითხში მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა თვლიან რომ, მშვიდობის ძირითადი გარანტი იქნება დამოუკიდებელი ისრაელისა და დამოუკიდებელი პალესტინის თანაარსებობა და სხვათაშორის ასევე ფიქრობს მრავალი ებრაელური ლობიც და თვით ობამაც
სამაგიეროდ პრობლემის ასეთი მოგვარების წინააღმდეგი არიან პალესტინური, ირანული და ისრაელური რადიკალისტური დაჯგუფებები, ე.ი. ამ საკითხში პრინციპში ბრძოლა მიმდინარეობს ლიბერალებსა და რადიკალისტებს შორის. აქ არ შეიძლება დაივიწყოს ანკარის მხრიდან წარმოებული საშუამავლო მცდელობები სირიასთაც, ისრაელთანაც და პალესტინურ დაჯგუფებებთანაც
ერაყში ნანატრი მშვიდობის აღდგენისათვის საჭიროა უპირველეს ყოვლისა ამერიკის მხრიდან ოკუპაციის შეჩერება და ჯარის გაყვანისათვის სტარტის მიცემა. მაგრამ აქ ასევე აუცილებელია, არავითარ შემთხვევაში არ დაირღვეს ერაყის პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობა და ამერიკული ჯარის მთლიანად გასვლის შემდეგ დაიწყოს დემოკრატიული გარდაქმნები და ეკონომიკური აღორძინება, რაშიც ერაყს მხარში უნდა ამოუდგნენ მისი მეზობელი ქვეყნები. ანკარა კი კარგა ხანია რაც ამ საქმეშიც აქტიურობს
ირანის საკითხში მოგეხსენებათ მთავარ პრობლემას წარმოადგენს მისი ბირთვული პროგრამა. ამერიკული და ისრაელური რადიკალური დაჯგუფებები მიიჩნევენ რომ, თეირანი ამზადებს ბირთვულ იარაღს, რასაც კატეგორიულად უარყობს ირანი. ე.ი. აქ შეიძლება ითქვას რომ, პრობლემა ძირითადად საქმისადმი ცალმხრივ მიდგომაში და განსხვავებულ პოზიციებშია, რისთვისაც საჭიროა ამ პოზიციების შეცვლა და ერთმანეთის მიმართ ურთიერთგაგებისა და ნდობის გაზრდა. ამ ეგიდით გასულ წელს პირველად მიუჯდნენ კიდევაც მოლაპარაკებების მაგიდას ირანელი და ამერიკელი დიპლომატები, რაშიც მოკრძალებული წვლილი შეიტანა ანკარამაც
მოკლედ ანკარამ მშვიდობაზე დამყარებული თავისი პოლიტიკური ვიზიონით აქტიური მონაწილეობა მიიღო რეგიონალურ მოვლენებში, ხოლო ამის პარალელურად თვითაც დაიწყო ახალი, დადებითი სვლების გაკეთება ირანთან, ერაყთან, სომხეთთან და სხვა მეზობლებთან ურთიერთობებში, რასაც კმაყოფილებით შეხვდა მსოფლიო საზოგადოებრიობა და იმედია რომ, თურქეთი ასეთ სვლებს 2010 წელში და შემდეგშიც გააგრძელებს, წერს ანკარის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი, პროფესორი რამაზან გიოზენი